ტრენინგები



2013 წლის აპრილი - მაისი პერიოდში, გავიარე ტრენინგი (50 საკონტაქტო საათი) ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტ "PROFILES" - ის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტს ხელმძღვანელობდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე და ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკატერინე სლოვინსკი.

    პროექტი "PROFILES" ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებულ საბუნებიემეტყველო განათლების განვითარებას, მასწავლებელთა თვითეფექტურობის გაზრდას სწავლების თანამედროვე მეთოდების დაუფლებაში. ეს ინოვაციური შემოთავაზება ეფუძნება მასწავლებელთა თანამშრომლობას, ინერგება კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო მასალები და სატრენინგო პროგრამები.
  პროექტის ძირითადი მიზნებია:

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარებს
  • მასწავლებელთა ქსელის (network) განვითარება (ადგილობრივი, რეგიონალური, ეროვნული, ევროპის მასშტაბით)
  • კვლევაზე დაფუძნებული მიდგომების ხელშეწყობა სკოლებში
  • ახალი პრდაგოგიური მიდგომების განვითარება და დანერგვა.
პროექტ "PROFILES"- ში გაერთიანებული ქვეყნებია:


პროექტის განრიგი გახლდათ შემდეგი:


 "PROFILES 1"-ში გაერთიანებული იყვნენ მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან.
პროექტის ფარგლებში სკოლაში განვახორციელე ორი პროექტი "ავტოსაგზაო შემთხვევა" და "კოკა-კოლა". პროექტის მასალები განთავსებულია ბლოგზე.




 ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი

   2013 წლის 29 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, გავიარე ტრენინგი, ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი  დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში. 
     ინტელის სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
   ინტელის ძირითად კურსის გავლის შემდგომ შევისწავლეთ, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო, როგორ ვიმუშავოთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.  
   ტრენინგის მსვლელობისას შევქმენი ბლოგი: "Intel" - ის ძირითადი კურსი, სადაც იხილავთ ტრენინგის მსვლელობისას გაკეთებულ ჩანაწერებს.
          ერთ-ერთი მნიშვნიელოვანი ინოვაციური სიახლე ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რაც შემოგვთავაზა INTEL -მა  ეს არის პროექტების დანერგვა სასწავლო პროცესში,  რომელსაც ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიულ ცენტრთან ერთად. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგებს სასწავლო პროექტების  დაგეგმვაში, წარმართვასა და შეფასებაში.
  სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა სწორად მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია და სრულყოფილად წარმართოს სასწავლო პროცესი, რისთვისაც მნიშვნელოვანია თავად ფლობდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მიმდინარე მოდული მოგვცემს შესაძლებლობას მასწავლებელს დავეხმაროთ პროექტებით სწავლების მეშვეობით ზუსტად ის და ზუსტად ისე მიაწოდოს მოსწავლეს, რომ სწავლის პროცესი მოსწავლისათვის გახდეს სახალისო და ეფექტური და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებული
      პროექტების დანერგვა სასწავლო პროცესში ერთერთი წარმატებული მიმართულებაა. ის სასწავლო მეთოდებს შორის ყველაზე უკეთესად აჩვენებს მოსწავლეს, თუ სკოლაში მიღებული ცოდნა როგორ გამოიყენოს რეალურ ცხოვრებაში, ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის აამაღლებას, მაღალი დონის  სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები გარკვეულად ორგანიზებულ ვითარებაში, დროში რეალურად ხედავენ თუ რას და რატომ იკვლევენ, ქმნიან, აკეთებენ, აფასებენ საკუთარი ცოდნის შედეგს.
       პროექტის დანერგვა სასწავლო პროცესში მასწავლებლისაგან საკმაოდ გააზრებულ, შემოქმედებით მიდგომებს მოითხოვს. ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს თუ როგორ დაგეგმოს, წარმართოს და შეაფასოს სასწავლო პროექტები. ერთერთი მნიშვნელოვანი პირობა  ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის, არის ისტ ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენებამნიშვნელოვანია პორტფოლიოს რუბრიკა, მასში მოცემული კრიტერიუმები, "ჩეკლისტი". ასევე საინტერესოა პროექტის განხორციელების ციკლური დიაგრამა, რომელიც მსწავლებელს აფიქრებინებს, რომ შუალედურად შეაფასოს პროცესი.
XXI საუკუნეში, ადამიანები უფრო და უფრო მეტად აწყდებიან კომპლექსურ გამოწვევებს თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. იმისათვის, რომ უპასუხონ ამ გამოწვევებს, მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, როგორ იმუშაონ ერთობლივად, ეფექტიანად გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები და მედია, კომუნიკაცია შეძლონ ერთმანეთთან, შემოქმედებითად და კრიტიკულად იაზროვნონ ალტერნატივების შესახებ. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ინტეგრირებულად ისწავლება.
საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარები და დამოკიდებულებები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას.
     განვიხილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა სასწავლო პროცესის დროს. პროექტები საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს თანამშრომლობის, აზროვნების, ანალიზის და მრავალი სხვა უნარ-ჩვევა. განვიხილეთ ძირითადი აქტივობები პროექტის დაგეგმვისათვის. შევქმენით პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდე, თავისი ქვე-საქაღალდეებით. ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგვეხმარება ორგანიზებულად შევინახოთ, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებული ნამუშევრები. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და მისი შემადგენელი ნაწილები. კოლეგებთან ერთად შევადგინეთ პროექტის გეგმის მონახაზი.
რა არის საჭირო მოქნილი და კრეატიული გეგმების შესადგენად?
1. მოსწავლეთა სასწავლო წინაპირობის გათვალისწინება - ინდივიდუალური უნარები, ოჯახური, მოტივაციური, კულტურული, კოგნიტიური, ემოციური, ფსიქო-მოტორული, ენობრივი, სოციალური და სხვ.
2. საგანმანათლებლო და სასწავლო გეგმებზე ორიენტაცია;
3. სასწავლო და აღმზრდელობითი მიზნების ერთობლობა;
4. სწავლების შინაარსზე, მიზნებსა და შედეგზე ორიენტაცია;
7. ძირითადი პუნქტების გამოყოფა;
8. მოსწავლეთა ჩართულობა;
9. სასწავლო სტრატეგიების დიფერენცირებული გამოყენება;
10. მრავალმხრივი მეთოდების გამოყენება;
11. რესურსების შერჩევა და მისი მომზადება;
12. სოციალური ფორმების შერჩევა (ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილური);
13. მოსწავლეებისათვის ახალ-ახალი სასწავლო შანსების შეთავაზება;
14. შედეგების სისტემატური კონტროლი.
ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ დატვირთული იყო. გავაგრძელეთ მუშაობა პროეტზე, გამოვავლინეთ სტანდარტზე განსაზღვრული შედეგები და მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები.განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვების სტრატეგიები. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების ფორმა. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიმუშავოთ მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.
   საჭიროა პრექტის განხორციელების გეგმის ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერა და სიღრმისეული გააზრება. მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს ესგ-ის სტანდარტით განსაზღვრულ რა შედეგებს შეესაბამება მის მიერ დაგეგმილი პროექტი. მას უნდა ჩამოუყალიბდეს ხედვა იმისა, თუ როგორ გამოიყენოს სტანდარტი, გაითვალისწინოს და გაწეროს ის ამოცანები, რაც მოცემულ შედეგებამდე მიიყვანს.
  საინტერესოა ის, რომ მოცემული კურსის ფარგლებში  ნათლად დავინახეთ, თუ როგორ დავუკავშიროთ პროექტის მიზნები ზოგად, თემატურ და შინააარსობრივ საკითხებს. ამის გათვალისწინებით ავაგოთ პროექტის საკვანძო კითხვები, რაც შემდეგ მიმართულებას გვაძლევს თუ რა და როგორ დავგეგმოთ, როგორ გავხადოთ ეს პროცესები მოსწავლისათვის მიმზიდველი და საინტერესო.
  გავიაზრეთ და გავწერეთ პროექტის განვითარების შეფასების გეგმა, რომელიც მოიცავს გარკვეულ პერიოდებსშეფასება პროექტის დაწყებამდე, მუშაობის პროცესში და პროექტის დასრულებისასშევიმუშავეთ, თუ რა მექანიზმებით მოვახდენთ შეფასებებს სამივე ეტაპზე.
   პროექტებს მეტ-ნაკლებად ვიყენებთ მასწავლებლები სასწავლო პროცესში, მაგრამ ინტელის ძირითადი კურსი საშუალებას გვაძლევს ეს ყველაფერი არა უნებლიედ, შემთხვევით გამოგვივიდეს ეფექტურად, არამედ სრული გააზრებით განვახორციელოთ.
    მესამე დღე დატვირთული იყო უამრავი აქტივობით. ერთმანეთს გავუზიარეთ პროექტის პრეზენტაციები. განსაკუთრებით მომეწონა პროექტი, აფხაზ ბავშვებთან დამეგობრებაზე, რომელიც შეადგინა შორენა მიქაბერიძემ, მარეხ ჯელაძემ, მეგი კაპანაძემ, მაია ბაზღაძემ, თეონა ლოთიკაშვილმა და რუსა მარკოზაშვილმა. მათი კომენტრებიდან მივხვდი, რომ არც ჩვენი ჯგუფის პროექტი დარჩა მოწონების გარეშე. განსაკუთრებული სიხალისით ვიმუშავეთ მე და ჩემმა მეწყვილემ, ნინო მღებრიშვილმა, პროექტთან დაკავშირებული სურათის, "ბავშვის თვალით დანახული ქვეყანა, სადაც მოძრაობის წესები არ არის", შექმნაზე. შევქმენით შეფასების რუბრიკები.
გავეცანით შეკითხვების დასმის ტექნიკას, რამაც ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან სწორად დასმული შეკითხვები ხელს უწყობს სწავლის პროცესს, რაც თავის მხრივ მოსწავლეებს უფრო მეტი შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს.
   განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები. როგორც საგაკვეთილო, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია სწავლის პროცესის გაუმჯობესება. შეფასება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, ის მუდმივი პროცესია. მასწავლებლი მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში აგროვებს ინფორმაციას, თუ რას და როგორ სწავლობენ მისი მოსწავლეები.
  ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მოსწავლეების ჩართვაზე პროექტში და განვიხილეთ შესაბამისი აქტივობები.
   სასწავლო პროცესის თითოეულ მოსწავლეზე მორგება დიდ შრომას მოითხოვს მასწავლებლისაგან. თითოეულ მათგანს განსხვავებული სწავლის სტილი გააჩნია და განსხვავებული მიდგომებია საჭირო. საინტერესოა ბლუმის ტაქსონომიისა და გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის სინთეზური რუბრიკა, რასაც ზოგადად მთელი სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს გამოიყენებს მასწავლებელიდიფერენცირებული სასწავლო პროცესის გამხორციელებაში დიდ როლი შეიძლება შეასრულოს ისტ ტექნოლოგიებმა.
  მოცემული ტრენინგ-მოდული საშუალებას გვაძლევს ასევე გავიაზროთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის უნარების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც
  საყურადღებოა ისიც, რომ მასწავლებელმა დეტალურად უნდა  დაამუშავოს პროექტის საბოლოო პროდუქტ-შედეგების ფორმატი, გასაგები ინსტრუქცია მიაწოდოს მოსწავლეებს, ყურადღება გაამახვილებინოს, თუ აქ მნიშვნელოვან კითხვებს რამდენად გაეცა პასუხი, აგრძნობინოს ყოველ ნაბიჯზე, რომ ის ახლა სწავლობს და ეს ყველაფერი ბედნიერებაა.



"მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. 
თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება"

25, 26 მაისი 2013 წელი

   ტრენინგის ადგილი: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორის N1 საჯარო სკოლა
   ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე (10 საათი)
   ტრენერი: ნინო ნადიბაიძე
   ტრენინგის მიზანი და ამოცანები: 
  1.  ტრენინგის მონაწილე მასწავლებლები მსჯელობენ და აცნობიერებენ მასწავლებლის პიროვნულ დამოკიდებულებებს საკუთარი პროფესიისადმი; 
  2.  გაიზიარებენ საერთო ხედვის და ღირებულებების მნიშვნელობას სწავლა/სწავლების და პროფესიული განვითარების პროცესისათვის; 
  3. განიხილავენ წარმატებული სკოლის მახასიათებლებსა და პროფესიული განვითრების კომპონენტის მნიშვნელობას.
    ტრენინგის მიზანი იყო დაეხმაროს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სქემის სამოქმედო გეგმის შედგენასა და განვითარებაში. ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლების მონაწილეობის მიღება სქემის ახალი დებულების განხილვასა და დახვეწაში.
     ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მიზანი, მოალოდნელი შედეგები, სესიების თანმიმდევრობა, ხანგრძლივობა, შეფასების კომპონენტები კრიტერიუმები.
    ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:

  • მასწავლებლობა სამსახურია თუ პროფესია?
  • მასწავლებლობა თქვენთვის ვალდებულების შესრულებაა, თუ პიროვნული თვითრეალიზაცია?
  • რა ღირებულებები არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?
  • რა არის "სკოლის" ღირებულებები?
  • ემთხვევა თუ არა თქვენი ღირებულებები თქვენი სამსახურის ღირებულებებს? 
   გაიმართა დისკუსია, ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებთან დაკავშირებით.
შევთანხმდით, რომ სკოლის წარმატებისთვის აუცილებელია მასწავლებლების პროფესიონალიზმი, თანამშრომლობა, პროფესიული განვითრება.
   განვიხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესი. ტრენერმა პრეზენტაციის საშუალებით წარმოგვიდგინა წარმატებული სკოლის პროფესიული განვითარების სისტემის პრონციპები:
  1. პროფესიული განვითარება ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებზე და არა მხოლოდ მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებზე
  2. პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგმვასი აქტიურად არიან ჩართული მასწავლებლები. ისინი აფასებენ სწავლებისა და სწავლის პროცესს და განსაზღვრავენ პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ საჭიროებებს
  3. პროფესიული განვითრება მასწავლებლის ყოველდღიური სამუშაო პრაქტიკის შემადგენელი ნაწილია
  4. პროფესიული განვითარება აღიარებს კვლევის მნიშვნელობას და მასწავლებლებს ასწავლის შედეგების ანალიზზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას
  5. პროფესიული განვითარება არის თანამშრომლობითი პროცესი, რომლის დროსაც ხშირად ხდება რეფლექსია და კომენტარების გაცვლა
  6. პროფესიული განვითარება ეფუძნება საქმიანობისთვის მნიშვნელოვან, სასარგებლო და კონკრეტულ მონაცემებს და არა ზოგად წარმოდგენებსა და შეხედლებებს
  7. პროფესიული განვითარება უწყვეტი, პერმანენტული პროცესია
  8. სკოლის ადმინისტრაცია აღიარებს პროფესიული განივთარების მნიშვნელობას
   შევთანხმდით, რომ ოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.
   კოლეგების რეალური თანამშრომლობა გულისხმობს 4 კონკრეტული ელემენტის არსებობას:
  • მასწავლებლები საუბრობენ სწავლებისა და სწავლის პრაქტიკის შესახებ. მათი განხილვები არის რეგულარული;
  • მასწავლებლები აკვირდებიან ერთმანეთის საქმიანობას, შემდეგ კი გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და განიხილავენ ერთმანეთის გამოცდილებას;
  • მასწავლებლები ერთად მუშაობენ სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაზე;
  • მასწავლებლები ერთამანეთს ასწავლიან და უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სწავლისა და სწავლების შესახებ.
   ტრენინგის დასასრულს ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია პროფესიული განვითარების საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
    ტრენინგზე განხილული საკითხები საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გავიცანი და ვითანამშრომლე კოლეგებთან სხვადასხვა რაიონის სკოლებიდან. ტრენინგზე მიღებულ გამოცდილებას გავუზიარებ ჩემი სკოლის თანამშრომლებს.


ინოვაციური მეთოდების დანერგვა 1:1 ელექტრონული სწავლებისას

1 - 5 ივლისი 2013 წელი

   
    ტრენინგის ადგილი: თბილისი, მასწავლებლის სახლი
    ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე (40 საათი)

 


ტრენერი: მარინა ლივენეცი
 (ნოვოსიბირსკი, რუსეთი) 




        ტრენინგის პირველი დღე, 1 ივლისი
   ტრენინგის დაწყებისთანავე, ტრენერმა გაგვაცნო საკუთარი თავი, გაგვაცნო ტრენინგის სილაბუსი. პროექტის მიზანი გახლდათ ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას. ტრენერმა  მოგვცა საიტის მისამართი, რომელიც შექმნილი იყო სპეციალურად საქართველოს ტრენერებისთვის. ამ საიტს ვიყენებდით მთელი ხუთი დღის განმავლობაში და ხელმისაწვდომია ყველასთვის. მთელი სატრენინგო დრო დათმობილი ჰქონდა 1:1 - ზე სწავლების დაპროექტებას და დაგეგმვას, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებთან შედარებით 5-6 წლიანი ბავშვები მიყავთ სკოლაში.
   მართალია, უკვე 2 წელია ინერგება 1:1 - ზე სწავლების მეთოდი ქვეყანაში და ეს სიახლეა, მაინც აუცილებელია სიახლეების შეტანა სწავლების პროცესში. ჯგუფებში ვიმუშავეთ შემდეგ საკითხზე: "რა არის თქვენი აზრით 1:1 სწავლების მოდელში წარმატებული გაკვეთილი?"  შევაჯერეთ ერთმანეთის მოსაზრებები და ჩამოვყალიბდით შემდეგზე: გაკვეთილის მიზანი კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, გათვალისწინებულია მოსწავლეთა წინარე ცოდნა, გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები და აქტივობები პირდაპირ კავშირშია გაკვეთილის მიზანთან, მასწავლებელი მოტივაციის ამაღლებისა და მრავალფეროვნებისათვის ეფექტურად იყენებს ისტ ტექნოლოგიებს, გადის მაღალ სააზროვნო უნარებზე, მოსწავლეები თავად ქმნიან ელექტრონულ რესურსებს (მაგალითად, ნახატებს), მოგვარებული უნდა იყოს ტექნიკური პრობლემები, სისტემატურად უნდა ხდებოდეს უკუკავშირი და თვითშეფასება.
   დაბალ კლასებში, უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი და ფსიქოლოგიური თავისებურებები. გაკვეთილზე, პატარებმა შეიძლება გააკეთონ შემდეგი:

  • ტექსტზე მუშაობა
  • ხატვა და ხაზვა
  • ინტერნეტი
  • ლეგო რობოტებთან მუშაობა
  • ფოტოგრაფირება
  • პრეზენტაციების მოწყობა
  • აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება
   გავეცანით, სწავლების ახალ მეთოდს "перевернутое обучение - перевернутый класс" .

      ტრენინგის მეორე დღე, 2 ივლისი
ტრენინგის მეორე დღეს გავნაწილდით ჯგუფებში და შევქმენით მულტიპლიკაციური ფილმები, პლასტილინის ფიგურების გამოყენებით. მუშაობა წარიმართა ძალიან სახალისოდ და საინტერესოდ. კარგი იქნება, თუ ამ მეთოდს გამოვიყენებთ დაწყებით კლასებში. ჯგუფების მიერ შექმნილი ნამუშევრები: "წელიწადის დროები", "მგელი და კრავი", "გაზაფხული", "კოკოს დაბადება".

   ტრენინგის მესამე დღე, 3 ივლისი
ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით ბევრ პროგრამას, რომლის გამოყენებაც შეიძლება სასწავლო პროცესში. ჯგუფებმა შევქმენით საიტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, დისტანციური სწავლების განხორციელება. ჩვენი ჯგუფის წევრები იყვნენ: ნინო კოკილაშვილი, ლია ნავროზაშვილი, მარიკა ჩიტაძე, ნინო მღებრიშვილი, თენგო გათენაძე, ხათუნა ლორთქიფანიძე, ლილი ზოიძე. თემატიკა, რომელსაც ეხებოდა საიტი შემდეგია: "გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი". აზრი ამ აქტივობის იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლებს დისტანციურად დავეხმაროთ ამა თუ იმ აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

    ტრენინგის მეოთხე დღე, 4 ივლისი
 ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანით საგანმანათლებლო საიტს LearningApps.org , განთავსებულია უამრავი სასწავლო მასალა საგნების და მოსწავლეთა ასაკის გათვლისწინებით. შევქმენით საკუთარი გვერდები და სავარჯიშოები.
  განვიხილეთ და ვიმუშავეთ საიტზე zaption.com , სადაც შესაძლებელი ინტერაქტიური სასწავლო ვიდეოს შექმნა.
  გავეცანით საგანამანათლებლო საიტს, სადაც განთავსებულია რუსეთის ფედერაციის საგანმანათლებლო საიტები, ოლქების მიხედვით. მასწავლებლებს შეუძლიათ განათავსონ თავისი ნამუშევრები ამ საიტზე. საიტს ყავს მოდერატორები, რომლებიც თვალს ადევნებენ განთავსებულ მასალას. საიტის ნაკლი გახლავთ ის, რომ მასწავლებლებს რომლების დარეგისტრირდებიან, აქვთ საშუალება, რომ შეიტანონ ცვლილებები სხვის გვერდებშიც. ტრენერმა მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ ხდება რეგისტრაცია და როგორ ხდება გვერდის შექმნა, მასზე მასალის განთავსება.

    ტრენინგის მეხუთე დღე, 5 ივლისი
ტრენერმა შეაჯამა თავისი და ჩვენი, მსმენელების მუშაობა. მოგვცა რეკომენდაციები სამომავლო მუშაობის შესახებ. გვირჩია, რომ ბლოგზე ან გუგლის საიტზე მუშაობისას, აქცენტები გავაკეთოთ არა თეორიული მასალის გადაცემაზე, არამედ პრაქტიკულ მუშაობაზე.  საზეიმო ვითარებაში გადმოგვცა სერთიფიკატები.

    მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლის სახლს საინტერესო ტრენინგის ჩატარებისა და ორგანიზებისათვის.

 

 პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinning - ის ფარგლებში
    
   28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი  2013 წელი

   
 ტრენინგის ადგილი: წყალტუბო, სასტუმრო "სპა რეზორტი"
 ტრენინგის ხანგრძლივობა: 5 დღე ( საათი)      
 ტრენერები:  ხათუნა ციხელაშვილი,  ნანა ედიშერაშვილი.




28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, მასწავლებლის სახლის მიერ, განხორციელდა ტრენინგი "პროექტების დაგეგმვა და მართვა eTwinningPlus-ის ფარგლებში. ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებლებისთვის გაეცნო თანამშრომლობითი, ინტერნეტ-პროექტების დანიშნულება და მახასიათებლები, პროექტის დაგეგმვა და მართვა, ტექნოლოგიების დახმარებით პარტნიორების ძიება და კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან, ასევე eTwinning-ის პორტალზე მუშაობა. 

  პირველი დღე:

ტრენინგი გახსნა ქალბატონმა ეკა ჯელაძემ, რომელმაც ისაუბრა eTwinninPlus-ის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს პორტალი ევროპისა და მისი მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობის ხელშესაწყობად შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოტეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და სასწავლო პროექტების განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ევროპის მასშტაბით, ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში ჩაერთო. საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სასწავლო გამოცდილების გამდიდრებას და ავთენტური განზომილების შემოტანას საკლასო ოთახში. eTwinningPlus-ის პროექტის მრავალფეროვანი აქტივობები ასეთივე მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს მოსწავლეებს და მასწავლებლებს.

ტრენინგის მონაწილეები გაგვანაწილეს სამ ჯგუფში, მე მოვხვდი ხათუნა ციხელაშვილთან. გავნაწილდით ოთახებში, სადაც ტრენერის მითითებით, გავეცანით ერთმანეთს წყვილებში, შემდეგ წარვადგინეთ ერთმანეთის სახელი და გვარი, სკოლა და საგანი, ინფორმაცია, იმის შესახებ რამდენი ხანია რას პროექტებთან მუშაობა გვიწევს, ყველაზე საინტერესო პროექტი, რომელშიც ვყოფილვართ ჩართული.

შემდეგ თითოეულმა მონაწილემ დავწერეთ, თუ რა მოლოდინები გვქონდა ტრენინგისგან, ტრენერმა აკინძა ერთად და შექმნა ე.წ. "მოლოდინების  წიგნი".

გავუზიარეთ ერთმანეთს, საკუთარი გამოცდილება, პროექტებზე მუშაობისას. გავაკეთეთ პროექტების დადებითი და უარყოფითი მხარეების ჩამონათვალი. გავნაწილით ჯგუფებში და მოვახდინეთ ჩვენი ნამუშავრების პრეზენტაცია. 

შემდეგი აქტივობა ყველასთვის სახალისო გამოდგა. ტრენერმა შემოგვთავაზა ფოტო, რომეზეც გამოსახული იყო "ერთი დოქი ტალახით". თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა უამრავი საინტერესო და კრეატიული იდეა, რაში შეიძლებოდა ამ ნივთის გამოყენება. 

ტრენინგდღე დასრულდა შეჯამებით.


    მეორე დღე:

მეორე დღე დაიწყო პირველი დღის მასალების გახსენებით, ამავდროულად გავეცანით მეორე დღის პროგრამას. გავაანალიზეთ საგანმანათლებლო პროექტის არსი და მისი განხორციელების ეტაპები. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე, რა განსხვავებაა მათ შორის. კრიტერიუმის შეფასებისას სახელდება "რას აფასებენ?. ხოლო ინდიკატორების ჩამონათვალის გაკეთებისას საჭიროა განისაზღვროს სკალა და თითოეული ნიშნულის შესაბამისი მახასიათებელი. ვიმუშავეთ ჯგუფებში საგანმანათლებლო პროექტების ეტაპებზე:

  • დაგეგმვა
  • მომზადება
  • განხორციელება
  • შეფასება
  • შედეგების გაზიარება
განვსაზღვრეთ, რა განსხვავებაა პროექტის ფასილიტატორსა და მონაწილე მასწავლებელს შორის.

მეორე დღე დასრულდა შეჯამებით.


   მესამე დღე:

მესამე დღე დაიწყო მეორე დღის მასალების გახსენებით. ვიმსჯელეთ პროექტის მიზნებზე:

  • რა არის მნიშვნელოვანი: პროდუქტი თუ პროცესი?
  • რა არის პროდუქტი, ის რასაც ქმნიან მოსწავლეები, თუ ის რასაც მნის მასწავლებელი მოსწავლეებში (განვითარებული ცოდნა)
ჯგუფებში დავამუშავეთ პროექტები. მოვახდინეთ ნამუშევრების პრეზენტაცია.
ტრენინგის ძირითადი დრო დავუთმეთ ევროკავშირის საგანმანათლებლოს კომპეტენციების განხილვა გაანალიზებას:

  • მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია
  • უცხო ენაზე კომუნიკაცია
  • მათემატიკური და საბაზისო სამეცნიერო კომპეტენცია
  • ციფრული კომპეტენცია
  • დამოუკიდებლად სწავლის კომპეტენცია
  • სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია
  • სამეწარემო კომოეტენცია და ინიციატივიაობა
  • კულტურული ცნობიერება და გამოხატველობა
კომუნიკაციის ხერხები და გამოყენების ფორმები:

  • ელ. ფოსტა
  • ფორუმი
  • სოციალური ქსელები
  • ბლოგი
ტრენინგის ბოლო სასიამოვნოდ და სახალისოდ წარიმართა, 30 წუთის განმავლობაში, სამმა ჯგუფმა წარადგინა ნამუშევარი თემაზე: "წუწუნის სენი", თუ როგორ უნდა გვეხსნა ქალაქი უცნაური სენისგან - წუწუნის სწნისგან. თითოეულ ჯგუფს შეხვდა დავალება: ტორტი, ტანსაცმელი, ტრანსპორტი. უნდა შეგვექმნა ისეთი ნივთები, რომლებიც მოსახლეობას წუწუნის სენისგან განკურნავდა. ჯგუფებში მუშაობის შემდეგ წარვადგინეთ ნამუშევრები. ჩემს ჯგუფს შეხვდა ტრანსპორტი, ჩვენ გავაკეთეთ მატარებელი, სადაც თითეულ ვაგონს ერქვა სახელი: სიყვარული, სიმდიდრე, ბედნიერება  და ა.შ.


      მეოთხე დღე:

ტრენინგი დაიწყო საკონფერენციო დარბაზში, სადაც ეკა ჯელაძემ გაგვაცნო პრეზენტაცია eTwinningPlus-ის შესახებ. შემდეგ გორის N8 სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნანა ედიშერაშვილმა და თბილისის N51 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ნინო მოლაშხიამ გაგვიზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები, eTwinnign -ის პროგრამის ფარგლებში პოლონეთში გამართულ ფორუმზე, სადაც იმყოფებოდნენ.
შემდეგ გავნაწილდით წყალტუბოს სხვადასხვა სკოლებში, ვისწავლეთ დოკუმენტების, და სხვადასხვა მასალის ატვირთვა ჩვენს ვებ. გვერდზე.

ტრენინგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი მომავალი მუშაობისთვის. მოვიღე ბევრი ინფორმაცია პროექტების დაგეგმვასთან დაკავშირებით, გავეცანი eTwinning-ის შესაძლებლობებს. რაც მთავარია დავმეგობრდი პედაგოგებთან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სკოლაში დაბრუნებისთანავე გავაცნობ ჩემს კოლეგებს ტრენინგზე შეძენილ ცოდნას და გამოცდილებას.

 როგორ ვიმუშავოთ  eTwinningPlus - ზე.
 როგორ ვიმუშავოთ TwinSpace - ზე.



ონლაინ სემინარი eTwinning 2015 წლის 4 თებერვალს
  



მიქსის კონკუსრში გამარჯვებისთვის მიღებული სერტიფიკატები:







ონლაინ სემინარი etwinning-ის ფარგლებში 2016 წლის 23 მარტი:


1 комментарий:

  1. წარმატებები უმაგრეს, უნიჭიერეს, უადამიანეს მასწავლებელსა და ტრენერს - ნინოს!

    ОтветитьУдалить